X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება

26 სექტემბერი 2024

„მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის, დაახლოებით, 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა.

აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.

ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზა, ასევე, გვერდს უვლის პოპულარულ კურორტ საირმეს და შესაბამისად, გვექნება თვისობრივად განსხვავებული პერსპექტივის  ორი კურორტი,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.

მინისტრის თქმით, დასრულებულია ბაღდათი-აბასთუმნის გზის 36 კმ-ის რეაბილიტაციაც და სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ მომავალ წელს ბაღდათიდან აბასთუმნამდე, აბასთუმნის შემოვლითი გზის ჩათვლით, გზა გაიხსნას ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის.

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4 საათის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ დასჭირდება.